საქართველოში COVID-19-ის გავრცელების გამო შექმნილი კრიზის აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების შესახებ. კომპანიებს ამ საგადასახადო შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ 6 თვის განმავლობაში. საქართველოს მთავრობის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, წაახალისოს ბიზნესი, რომ მათ მაქსიმალურად შეძლონ მათთან დასაქმებული თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამ საგადასახადო შეღავათით სარგებელს იღებს როგორც დამსაქმებელი, ისე დასაქმებული, რადგან დამსაქმებელს უმსუბუქდება საგადასახადო ტვირთი, ამის წყალობით კი დასაქმებული ინარჩუნებს სამუშაო ადგილს.

თუმცა, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი რეალურად არის დასაქმებული, დამსაქმებელი კი „საგადასახადო აგენტის“ როლს ასრულებს და დამსაქმებლის სახელით მისი ხელფასიდან ბიუჯეტში რიცხავს საშემოსავლო გადასახადს.  ამის გათვალისწინებით, გასარკვევია, „ვის ჯიბეში მიდის“ საშეღავათო თანხა, რომელიც, წესით, დასაქმებულის ხელფასიდან საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადარიცხულიყო – რჩება დასაქმებულს თუ მის დამსაქმებელ კომპანიას? პირველ რიგში განვიხილოთ რა თანხაზეა საუბარი და რა ოდენობის შეღავათს ვიღებთ საქართველოს მთავრობისგან:

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათი ვრცელდება 1500 ლარამდე ხელფასებზე. კერძოდ, პირები, რომელთა ხელფასიც არ აღემატება 750 ლარს, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან სრულად, ხოლო პირები, რომელთა ხელფასის ოდენობა არის 750-დან 1500 ლარამდე, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ 750 ლარის ნაწილში. განვიხილოთ თითოეული შემთხვევა მაგალითებზე დაყრდნობით ცალ-ცალკე:

 

  • მაგალითისთვის, თუ დასაქმებულის „Gross” ხელფასი (სრული ხელფასი საპენსიო შენატანისა და საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შეადგენს 750 ლარს, ამ თანხის 2% ანუ 15 ლარი გადაირიცხება საპენსიო ფონდში, (750-15)*80%=588 ლარს მიიღებს დასაქმებული, შეღავათი კი იქნება (750-15)*20%=147 ლარი, რომელიც წესით უნდა გადარიცხულიყო ბიუჯეტში, როგორც საშემოსავლო გადასახადი.

(თუ დასაქმებული არ არის ჩართული საპენსიო სქემაში, 750-ლარიან ხელფასზე ის მიიღებს 500 ლარს და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეღავათი იქნება 150 ლარი.)

 

  • თუ დასაქმებულის ხელფასი ნაკლებია 750 ლარზე, შეღავათს გამოითვლით კვლავ ხელფასის ოდენობის მიხედვით. მაგალითისთვის, 600-ლარიან ხელფასზე საპენსიო შენატანი იქნება 600*2%=12 ლარი, დასაქმებულისთვის გადასაცემი თანხა (600-12)*80%=470,40 ლარი, ხოლო შეღავათი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში იქნება (600-12)20%=117,60 ლარი.

(თუ დასაქმებული არ არის ჩართული საპენსიო სქემაში, 600-ლარიან ხელფასზე ის მიიღებს 480 ლარს და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეღავათი იქნება 120 ლარი.)

 

  • იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულის ხელფასი არის 750 ლარიდან 1500 ლარამდე, ის საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება მხოლოდ 750 ლარის ნაწილში ანუ 147 ლარის ოდენობით. მაგალითად, თუ დასაქმებულის ხელფასია 1000 ლარი, საპენსიო ფონდში გადასარიცხი თანხა შეადგენს 1000*2%=20 ლარს, დასაქმებული იღებს (1000-20)80%=784 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ოდენობა იქნება (1000-20)*20%=196 ლარი, საიდანაც შეღავათი შეადგენს 147 ლარს. ბიუჯეტში კი დამსაქმებელი საშემოსავლო გადასახადს გადარიცხავს 196-147=49 ლარის ოდენობით.

(თუ დასაქმებული არ არის ჩართული საპენსიო სქემაში, 1000-ლარიან ხელფასზე ის მიიღებს 800 ლარს, საშემოსავლო გადასახადის ოდენობა იქნება 200 ლარი, შეღავათი შეადგენს 150 ლარს, შესაბამისად, ბიუჯეტში გადასარიცხი თანხა იქნება 50 ლარი).

 

  • იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულის ხელფასი აღემატება 1500 ლარს, მასზე საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება.

 

რაც შეეხება მთავარ საკითხს – საშეღავათო თანხით სარგებლობს დამსაქმებელი თუ დასაქმებული? როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ბიზნესებმა ხარჯის შემცირებისა და საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების წყალობით შეძლონ, თანამშრომლებს შეუნარჩუნონ სამუშაო ადგილები. ამის გათვალისწინებით, საშეღავათო თანხებით სარგებლობს ბიზნესი – დამსაქმებელი კომპანია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობა ბიზნესებს აძლევს არჩევანის საშუალებას – კომპანიებს შეუძლიათ, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყვიტონ საშეღავათო თანხა დატოვონ კომპანიის ბიუჯეტში თუ გადასცენ დასაქმებულებს.

თუკი თქვენი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა იძლევა ამის შესაძლებლობას, გირჩევთ, აღნიშნული საშეღავათო თანხები გადასცეთ დასაქმებულებს, რადგან ეს ნაბიჯი მიუთითებს თქვენს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ მსგავსი შესაძლებლობა, შეღავათები მოახმარეთ დასაქმებულთა სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ფლორენსია კაშხჩიანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

top