გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღევანდელ რეალობაში ცხოვრება შეუძლებელია იურიდიული საკითხებისათვის გვერდის ავლით. ნებისმიერ ადამიანს ყოველ ნაბიჯზე უწევს სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლა. ყველაზე მარტივი მაგალითი რომ განვიხილოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზვრობისას ბილეთის შეძენაც ხელშეკრულების დადების ტოლფასია და ჩვენ გაუცნობიერებლად ვხდებით სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები.

ავტობუსით მგზავრობა მისი მნიშვნელობიდან და ბილეთის საფასურის მიზერულობიდან გამომდინარე ჩვენთვის არ წარმოადგენს სარისკო სამართლებრივ ოპერაციას. თუმცა ვითარება ბევრად რთულდება, როცა საქმე ეხება მნიშვნელოვან, მასშტაბურ სამართლებრივ ურთიერთობებს, სადაც არსებობს დიდი რისკი როგორც დავის წარმოშობის, ისე ფინანსური დანაკარგის.

ამგვარი მნიშვნელოვანი ოპერაციის შესრულებისას, წინდახედული ადამიანები წინასწარ უზრუნველყოფენ გარანტიების არსებობას და ახდენენ სამომავლო დავებისა და ფინანსური დანაკარგის პრევენციას. უფრო რისკიანებს კი, სამწუხაროდ, დავის მოგვარებაში და ხარჯების შემცირებაში დახმარება პოსტ ფაქტუმ ესაჭიროებათ. ორივე შემთხვევაში დგება იურიდიული და საშემფასებლო მომსახურებათა კომბინაციის საჭიროება.

მაგალითისთვის ავიღოთ ისეთი მნიშვნელოვანი ოპერაცია, როგორიცაა საცხოვრებელი სახლის შეძენა. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა გამყიდველს ავალდებულებს, რომ მყდიველს გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნასყიდობის საგანი. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი მხარეთა შორის შეთანხმებული ხარისხისაა. მაგალითად, თუ ბინის ფართი შეესაბამება მხარეთა მიერ ერთმანეთთან შეთანხმებულ კვადრატულობას, თუ ბინის რემონტის დონე იმ მახასიათებლებისაა, როგორზეც მხარეები შეთანხმდნენ და ა.შ.  თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. რაც შეეხება უფლებრივ ნაკლს, ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. მარტივად რომ ვთქვათ, საცხოვრებელი საგანი უფლებრივად ნაკლიანი იქნება, თუ, მაგალითად, ის დატვირთულია იპოთეკით.

როგორ ავირიდოთ თავიდან სამომავლო დავები და ზედმეტი დანახარჯები?

სარისკო და მაღალბიუჯეტური ოპერაციების განხორციელებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ამისათვის კი აუცილებელია გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისა და შემფასებლის დახმარება. ჩვენ მიერ განხილულ მაგალითში (საცხოვრებელი ბინის შეძენა) შემფასებელი ამოწმებს ბინის ნივთობრივ ნაკლოვანებებს – რამდენად შეესაბამება მისი ღირებულება მის რეალურ მახასიათებლებს, არის თუ არა ფართი შეთანხმებული მოცულობის, გარემონტებული, სათანადოდ მოწყობილი. შემფასებელი ითვალისწინებს არა მხოლოდ ცალკეული ბინის მახასიათებლებს, არამედ იმასაც, თუ როგორ შენობაში (კორპუსში) მდებარეობს ბინა, რამდენად პრესტიჟულია მისი ადგილმდებარეობა, როგორი ხედი იშლება აივნიდან და ა.შ. შემფასებელი განსაზღვრავს ბინის საბაზრო ღირებულებას, რის შედეგადაც მარტივად გადასაწყვეტი ხდება, ღირს თუ არა ბინაში გამყიდველის მიერ დასახელებული თანხის გადახდა.

რაც შეეხება იურისტის როლს, ის ამოწმებს გასაყიდი საგნის უფლებრივ მდგომარეობას: ნამდვილად ირიცხება თუ არა ბინა გამყიდველის საკუთრებაში, ხომ არ წარმოადგენს ის თანასაკუთრებას, ხომ არ მიმდინარეობს მასზე სასამართლო დავა, ხომ არ არის დატვირთული იპოთეკით და ა.შ. იურისტი ასევე გეხმარებათ შესაბამისი გარანტიებით აღჭურვილი ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენაში, რომელიც თავიდან აგარიდებთ სამომავლო დავებს და უზრუნველყოფს, რომ ნივთი თქვენს საკუთრებაში გადმოვიდეს ყოველგვარი გართულებების გარეშე.

რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ ყველა ეს საფეხური გავლილი იქნება სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლამდე, მაგრამ რა ხდება, როცა არ გამოვიჩენთ წინდახედულებას და მოგვიწევს სამართლებრივ დავაში მონაწილეობა?

როგორია იურისტისა და შემფასებლის როლი სამართლებრივ დავაში?

ალბათ ცალსახა და ნათელია, რომ სასამართლო დავის დროს იურისტი ყველაზე მთავარ როლს ასრულებს. სწორედ მის მოვალეობაში შედის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი სარჩელისა თუ შესაგებელის (პასუხი სარჩელზე) მომზადება, რომელიც განმტკიცებული იქნება სწორი პოზიციით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებითა და მტკიცებულებებით.

იურისტის/ადვოკატის პასუხისმგებლობაა ამტკიცოს საგნის ნივთობრივი/უფლებრივი ნაკლის არსებობა და აქედან გამომდინარე წარმოშობილი სასარჩელო მოთხოვნა: იქნება ეს ზიანის ანაზღაურება, ფასის შემცირება თუ ხელშეკრულებიდან გასვლა და რესტიტუცია (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა).

რაც შეეხება შემფასებელს, მისი როლი განსაკუთრებულია სარჩელის ფასის შეფასების დროს. მოგეხსენებათ, სასამართლოში დავის დასაწყებად აუცილებელია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სარჩელის ფასთან და სასარჩელო მოთხოვნასთან. მაგალითისთვის, თუ თქვენ შეიძინეთ ნივთობრივი ნაკლის მქონე ბინა, თქვენ უფლება გაქვთ გამყიდველისგან მოითხოვოთ იმ თანხის ანაზღაურება, რომელიც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. აღნიშნულის ობიექტურად შეფასება კი სწორედ შემფასებლის მოვალეობში შედის. სწორედ ეს თანხა მიეთითება სარჩელის ფასში და აქედან დაითვლება სახელმწიფო ბაჟიც.

 

წინამდებარე სტატიაში განხილული იყო მხოლოდ ერთი – საცხოვრებელი ბინის შეძენის მაგალითი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იურისტისა და შემფასებლის როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითქმის ყველა ტრანზაქციაში – იქნება ეს საწარმოს წილის განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები, საზიარო უფლების გაუქმება, მეუღლეთა შორის თანასაკუთრების გაყოფა თუ სხვა.

სხვადასხვა მომსახურების ერთ სივრცეში არსებობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად კომფორტულია ისეთი საკონსულტაციო კომპანიის მომსახურებით სარგებლობა, რომელიც სხვადასხვა სერვისის ერთდროულად შემოთავაზების მეშვეობით თავიდან აგარიდებთ ზედმეტი დროის რესურსის კარგვასა და სხვა ტრანზაქციულ დანახარჯებს.

FSG-ში თქვენ შეძლებთ მიიღოთ გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისა და შემფასებლის მომსახურება. აღსანიშნავია, რომ თქვენი სურვილის შესაბამისად, შეგვიძლია შემოგთავაზოთ დისტანციური მომსახურებაც.

top