ბიზნეს საქმიანობის დაწყებისას თითოეული ინდივიდის მიზანს შემოსავლის მიღება წარმოადგენს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს საგადასახადო და სამართლებრივი საკითხები, რომელთა უგულებელყოფამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თქვენს სამომავლო ბიზნესს.

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ბიზნეს სუბიექტებს უწესებს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ იმპერატიულ (სავალდებულო) მოთხოვნას. კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1. მუხლის შესაბამისად, „ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტის [ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი] მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა“.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი ასევე ითვალისწინებს მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირების რეგისტრაციასაც, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები.

ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფიბიზნეს კონსულტაციის ფარგლებში დამწყებ მეწარმეებს ეხმარება მათი საქმიანობის სფეროს, ბიზნესის მასშტაბის, მოსალოდნელი წლიური შემოსავლის, შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების, სამომავლო რისკებისა და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით შეარჩიონ ყველაზე ოპტიმალური სამართლებრივი ფორმა ბიზნესის რეგისტრაციისათვის.

აღსანიშნავია, რომ დამწყებ მეწარმეებს  საქმიანობის დაწყებამდე ბიზნეს კონსულტაციასთან ერთად ესაჭიროებათ სამართლებრივი დახმარება სამეწარმეო სამართლის კუთხით, რათა თავიდან აირიდონ მომავალში პარტნიორთა შორის უთანხმოება, სასამართლო დავები, დროისა და ფინანსური რესურსების ხარჯვა, კომპანიის რეპუტაციის შელახვა და სხვა.

სამართლებრივი დახმარება, პირველ რიგში, საჭიროა ბიზნესის რეგისტრაციისათვის აუცილებელი სწორი და შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიების, შეგროვებისა და შედგენისათვის.

საწარმოს რეგისტრაციისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის დამფუძნებელთა მიერ ხელმოწერილ და სათანადო წესით დამოწმებულ წესდებას. დამწყები მეწარმეების შეცდომას წარმოადგენს სწორედ ის, რომ ბიზნესის რეგისტრაციისას, როგორც წესი, ისინი იყენებენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოთავაზებული წესდების შაბლონს, რომელიც შედგენილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დისპოზიციურ ნორმებზე დაყრდნობით. დისპოზიციურ ნორმათა სამართლებრივი ბუნება მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ დადგენილი წესი შესაძლოა შეიცვალოს (ამ შემთხვევაში) ბიზნესის დამფუძნებელთა შეთანხმებით, რომლებიც ჩამოაყალიბებენ მათთვის სასურველ წესებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს იმპერატიულ კანონმდებლობას. დამფუძნებელთა მიერ ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მათი ბიზნესის მართვის ფარგლებში იმოქმედებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები. ამით კი თქვენ დაკარგავთ შესაძლებლობას, მართოთ თქვენი ბიზნესი თქვენი სურვილების შესაბამისად. მაგალითისთვის, კანონი განსაზღვრავს, რომ „თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%“. თქვენ კი თქვენი ბიზნეს საქმიანობის, პარტნიორთა რაოდენობის და მათ შორის წილების განაწილების გათვალისწინებით შეგიძლიათ განსაზღვროთ კანონისგან განსხვავებული, თქვენთვის სასურველი საპროცენტო განაკვეთი ხმებისთვის, რომელიც საჭირო იქნება საწარმოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის. აღნიშნული კი, აუცილებლად სათანადო წესით უნდა აისახოს საწარმოს წესდებაში.

როგორც წესი, ადამიანები საქმიან ურთიერთობაში შედიან მათთვის სანდო პირებთან. ისინი შეცდომას სწორედ ამის გამო უშვებენ და ბიზნესის დაფუძნების ეტაპზე ვერ ხედავენ სამართლებრივი გარანტიებით შედგენილი, დეტალურად გაწერილი წესდების საჭიროებას. თუმცა, ბიზნეს საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე დამფუძნებლები აუცილებლად დგებიან თუნდაც მცირე უთანხმოების წინაშე, რომლის გადაწყვეტაც დამოუკიდებლად, ურთიერთშეთანხმებით არ შეუძლიათ. ამის გამო კი უწევთ სასამართლოსთვის/არბიტრაჟისთვის ან დავების გადაწყვეტის უფლებამოსილების მქონე სხვა სუბიექტისთვის მიმართვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროის რესურსთან არის დაკავშირებული.

სწორედ ამიტომ, საჭიროა, თითოეულ ბიზნეს სუბიექტს დაფუძნების დღიდან ჰქონდეს დეტალურად გაწერილი წესდება. წესდებაში მოწესრიგებული უნდა იყოს ყველა შესაძლო საკითხი, რომელიც ბიზნესის მართვის ფარგლებში შეიძლება წარმოიშვას. ასეთი საკითხებია საწესდებო კაპიტალის ოდენობა, მისი შეტანის წესი, პარტნიორთა შორის წილების გადანაწილების საკითხი, ხმის მიცებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, კრების მოწვევის წესი, პარტნიორთა გარიცხვის საფუძვლები, პარტნიორთა პასუხისმგებლობა, წილის გასხვისების წესი და სხვა მრავალი სამეწარმეო სამართლებრივი საკითხი, რომელთა წინასწარ განსაზღვრაც აუცილებელია ბიზნესის დაფუძნებამდე.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ბიზნესის შესაბამისი სამართლებრივი ფორმის შერჩევა და სწორად შედგენილი წესდება წარმოადგენს თქვენი მიზნის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას. თუკი თქვენ არ დაუშვებთ შეცდომას და არ დაკარგავთ შესაძლებლობას, რომ სწორი სამართლებრივი გარანტიებით შედგენილი წესდებით, თქვენი სურვილის შესაბამისად მართოთ ბიზნესი, თქვენ დაზოგავთ დროსა და ძალისხმევას, შეინარჩუნებთ რეპუტაციას და თავიდან აირიდებთ სამომავლო უთანხმოებებსა და ზედმეტ ხარჯებს.

top