ხშირად ისმის შეკითხვა იმის შესახებ, თუ რომელი სამართლებრივი ფორმა არის უკეთესი სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციის დროს.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი საწარმოების რამდენიმე სამართლებრივ ფორმას ადგენს. კერძოდ, ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) და სააქციო საზოგადოება (სს). ამ ფორმებიდან ყველაზე გავრცელებული ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

დამწყები მეწარმისთვის მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება და მისი საქმიანობისთვის ყველაზე ოპტიმალური სამართლებრივი ფორმის შერჩევა.ამ მიმართულებით კონსულტაციისთვის ხშირად მიმართავენ მეწარმეები „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფს“ და „ჯეი ემ ჯი და პარტნიორებს“, რის შედეგადაც, ისინი იღებენ რჩევებს მათი საქმიანობის სფეროს და მასშტაბების მიხედვით. ასეთ დროს მეწარმეებს ხშირად უხდებათ არჩევანის გაკეთება მცირე მეწარმეს, ინდ. მეწარმესა და შპს-ს შორის.

ინდ. მეწარმე და მცირე მეწარმე პასუხისმგებელია მთელი თავისი ქონებით და ეს პასუხისმგებლობა გადადის მათ პირად ქონებაზე, ასევე ოჯახის საზიარო ქონებაზე. შპს-ს შემთხვევაში კი ფინანსური პასუხისმგებლობა მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონებით შემოიფარგლება.

მას შემდეგ, რაც საგადასახადო კოდექსში ამოქმედდა ე.წ. „ესტონური მოდელი“,  გადასახადების მხრივ შპს-ს, სს-ს, კს-ს და ა.შ. გარკვეული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საშუალება მიეცა. ეს გამოიხატება შემდეგში: ვიდრე დამფუძნებელი ფიზიკური პირი დივიდენდს არ გაიტანს, კომპანია მოგების გადასახადს არ იხდის. რაც შეეხება ინდ. მეწარმეს, როგორც კი მისი შემოსავალი გადააჭარბებს გამოქვითვად ხარჯებს, მომავალი წლის 1 აპრილამდე აბარებს დეკლარაციას და  სხვაობის 20 პროცენტს იხდის საშემოსავლო გადასახადის სახით.

მეწარმის მიერ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის რეგისტრაციისას გასათვალისწინებელია  საქმიანობის ფორმა და მასშტაბები, რადგან არსებობს საშეღავათო დაბეგვრის ფორმები: მცირე მეწარმე, მიკრომეწარმე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიზნესის რეგისტრაციის დროს უპირატესობა ხშირად შპს-ს ენიჭება. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ შპს-ს შემთხვევაში შედარებით მარტივია კომპანიების  შერწყმა, გაყოფა, პარტნიორის მიღება წილის რეალიზაციით ან საწესდებო კაპიტალში მონაწილეობით. ამის მიუხედავად ჩვენში ფართოდ არ არის გავრცელებული ეს ოპერაციები, რის მიზეზადაც შეგვიძლია დავასახელოთ ნდობის დაბალი მაჩვენებელი და ის გარემოება, რომ არ არის სავალდებულო ყველა სახის ხელშეკრულების რეგისტრაცია.

ბოლო დროს ბიზნესის სფეროში ცოდნის ამაღლების გამო ასეთი ოპერაციებიც მატულობს, ამასთან ერთად  აუდიტორის და შემფასებლის პროფესიაც ვითარდება, რაც განაპირობებს ნდობის მაჩვენებლის ზრდას და შედეგების მაქსიმალურად სრულყოფას.

 

top