საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2. მუხლის თანახმად, „ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.“ თუმცა, შესაძლებელია, ჩვენგან დამოუკიდებულად არსებობდეს ისეთი გარემოებები, რომლებიც ხელს შეგვიშლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაში. ამგვარ გარემოებებს „ფორს-მაჟორის“ ანუ „დაუძლეველი ძალის“ სახელით მოიხსენიებენ.

სახელშეკრულებო ურთიერთობებში ფორს-მაჟორის არსებობა სხვადასხვა სამართლებრივ შედეგთან არის დაკავშირებული. მთავარი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ თუ დადგინდა, რომ რომელიმე მხარე მასზე ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს დაუძლეველი ძალის არსებობის გამო, ეს არ ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად და მას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.

ფორს-მაჟორის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია განვმარტოთ მისი არსი, მისი დადგენისთვის აუცილებელი წინაპირობები და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები.

ფორს-მაჟორის არსი

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა არ გვთავაზობს ფორს-მაჟორის ან დაუძლეველი ძალის განმარტებას, მაგრამ, როგორც წესი, მასში იგულისხმება ისეთი გარემოებები, როგორიცაა სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, სამხედრო მოქმედებები, ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, ხანძარი, მიწისძვრა და ა.შ.

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების საერთო მახასიათებლების აღმოჩენა საკმარისია იმისათვის, რომ განვსაზღვროთ წინაპირობები, რომელთა ერთობლივი არსებობაც მიუთითებს ფორს-მაჟორულ მდგომარეობაზე. ესენია:

  • მხარეთა კონტროლისაგან დამოუკიდებლობა;
  • არაპროგნოზირებადობა;
  • გადაულახავობა.

გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი გარემოების არსებობა აპრიორი არ ნიშნავს, რომ მხარე გათავისუფლდება ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან. ფორს-მაჟორის არსებობა უნდა დადგინდეს თითოეულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ცალ-ცალკე და თითოეულ სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებით  ინდივიდუალურად. რაც მთავარია, სახეზე უნდა იყოს მთავარი წინაპირობა – პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ფორს-მაჟორულ გარემოებასა და ვალდებულების შეუსრულებლობას შორის.

პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის აუცილებლობის გამო ერთი და იგივე ფორსმაჟორული მდგომარეობა შესაძლოა პასუხისმგებლობას გვიხსნიდეს ერთი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, მაგრამ არ აღმოჩნდეს „გასასამართლებელი“ მეორე ვალდებულებისთვის. მაგალითისთვის, ავიღოთ შემთხვევა, როცა კრედიტორის (ხელშეკრულების მეორე მხარის) მიმართ თქვენ გაქვთ თანხის გადახდისა და კონკრეტულ ადგილას საქონლის მიწოდების ვალდებულება. იმ შემთხვევაში თუ დადგება ფორსმაჟორული ვითარება, მაგალითისთვის მოხდება წყალდიდობა, რომელიც შეუძლებელს გახდის საქონლის მიწოდებას მხარეთა მიერ შეთანხმებულ ადგილას, თქვენი მხრიდან ამ ვალდებულების შეუსრულებობა არ ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად და არ დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა. თუმცა, თქვენ ვერ გათავისუფლდებით პასუხისმგებლობისგან, თუ არ შეასრულებთ მეორე ვალდებულებას, რადგან ეს კონკრეტული ფორსმაჟორული ვითარება – წყალდიდობა, არ გიშლით ხელს ფულის გადახდაში, მაგალითად, საბანკო ტრანზაქციის მეშვეობით.

ამგვარი მიდგომით უნდა დადგინდეს, გაგათავისუფლებთ თუ არა COVID-19-ის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან. თუმცა, მანამდე გასარკვევია, ჩაითვლება თუ არა ეს მდგომარეობა ფორს-მაჟორულად. მართალია, ის წარმოადგენს მხარეთა კონტროლს მიღმა არსებულ გარე ფაქტორს, მაგრამ რამდენად არაპროგნოზირებადი იყო მისი დადგომა და რამდენად გადაულახავია ეს პრობლემა, ამაზე საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტი, რომელიც COVID-19-ის გამო შექმნილ ვითარებას ფორს-მაჟორულ მდგომარეობად მიიჩნდევდა. ამის მიუხედავად, შეგვიძლია განვიხილოთ, რა სამართლებრივ შედეგებთან არის დაკავშირებული ფორს-მაჟორის არსებობა.

სამართლებრივი შედეგები

ფორს-მაჟორული მდგომარეობის დადგომისას სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში შესაძლოა განვითარდეს სამი „სცენარი“.

  1. როცა დაუძლეველი ძალის გამო შეუძლებელი ხდება ვალდებულების შესრულება დროებით, დაუძლეველი ძალის აღმოფხვრამდე, და ამ პერიოდის გასვლის შემდგომ კრედიტორს კვლავ აქვს ინტერესი, მიიღოს შესრულება, ხელშეკრულების მოქმედება ჩერდება დროებით, ფორს-მაჟორული მდგომარეობის გამოსწორებამდე. ასეთ შემთხვევაში თქვენ თავისუფლდებით ვალდებულების შესრულებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო პასუხისმგებლობისგან, მაგრამ როგორც კი დასრულდება ფორს-მაჟორული ვითარება, ვადის დენა განახლდება და თქვენ ვალდებული იქნებით, შეასრულოთ ხელშეკრულების პირობები.

მაგალითისთვის ავიღოთ შემთხვევა, როცა კრედიტორის წინაშე გაქვთ ვალდებულება, მიაწოდოთ გარკვეული პროდუქცია, რომლის წარმოებაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო შეჩერებულია. იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ აღდგება აღნიშნული პროდუქტის წარმოება და კრედიტორს კვლავ ექნება მისი მიღების სურვილი, თქვენ ვალდებული იქნებით, მიაწოდოთ მას ეს პროდუქტი. ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისთვის კი თქვენ არ დაგეკისრებათ არც პირგასამტეხლო და არც სხვა სახის პასუხისმგებლობა. ასევე, თქვენ გათავისუფლდებით კრედიტორისთვის პროდუქტის დროულად არ მიწოდების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან.

  1. როცა დაუძლეველი ძალის გამო შეუძლებელი ხდება ვალდებულების შესრულება დროებით, დაუძლეველი ძალის აღმოფხვრამდე, და ამ პერიოდის გასვლის შემდგომ კრედიტორს აღარ აქვს ინტერესი, მიიღოს შესრულება. ასეთ შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ უარი თქვან ხელშეკრულებაზე და შეწყვიტონ მისი მოქმედება, ამ შემთხვევაში თქვენ თავისუფლდებით როგორც პასუხისმგებლობისგან, ასევე სახელშკრულებო ვალდებულების შესრულებისგან (თუმცა, ამავდროულად, კარგავთ საპასუხო შესრულების მოთხოვნის უფლებასაც).

მაგალითისთვის განვიხილოთ შემთხვევა, როცა კრედიტორის წინაშე გაქვთ ვალდებულება, მიაწოდოთ რამდენიმე ერთეული ლეპტოპი მისი თანამშრომლებისთვის, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ლეპტოპებს ვეღარ აწარმოებთ. შესაბამისად, არღვევთ ვალდებულების შესრულებისთვის განასზღვრულ ვადას. კრედიტორი კი ლეპტოპებს ყიდულობს სხვა მიმწოდებლისგან. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ თქვენ განაახლებთ ლეპტოპების წარმოებას, თუმცა კრედიტორს აღარ ექნება ინტერესი, მიიღოს თქვენგან შესრულება. ასეთ შემთხვევაში არც თქვენ და არც კრედიტორს ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები აღარ გექნებათ. თქვენ კი გათავისუფლდებით ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პასუხისმგებლობისა და კრედიტორისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან.

  1. როცა დაუძლეველი ძალის გამო რთულდება ვალდებულების შესრულება, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგება.

მაგალითისთვის, თქვენ კრედიტორის წინაშე გაქვთ ვალდებულება, მიაწოდოთ კონკრეტული მახასიათებლების მქონე ლეპტოპები, რომელთა წარმოებასაც ვეღარ ახერხებთ საგანგებო მდგომარეობის გამო. ამავდროულად თქვენ მარაგში გაქვთ სხვა მახასიათებლების მქონე ლეპტოპები, რომლებსაც კრედიტორს სთავაზობთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლეპტოპების ალტერნატივად, პარალელურად უთანხმდებით ნაკლებ საფასურზე.

კრედიტორი ან გთანხმდებათ ხელშეკრულების პირობების ამგვარად შეცვლაზე ან მისთვის მიუღებელი პირობების გამო უარს ამბობს ხელშეკრულებაზე. ასეთ შემთხვევაშიც, თქვენ თავისუფლდებით, როგორც პასუხისმგებლობისგან, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან.

რა მტკიცებულებები გამოდგება ფორს-მაჟორის არსებობის დასადასტურებლად?

იმის დასამტკიცებლად, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება ვერ შასრულეთ დაუძლეველი ძალის არსებობის გამო, გამოგადგებათ ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ფორს-მაჟორის არსებობაზე. მოცემულ შემთხვევაში ასეთი შეიძლება იყოს სხვადასხვა ტელემაუწყებლის თუ ბეჭდური მედიის მიერ გამოქვეყნებული სიახლეები, რომლებიც ადასტურებენ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმეს. ასევე, სახელმწიფოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტები – ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს საქართველოს მთავრობის N181 დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, რომელიც ადასტურებს, რომ დღეის მდგომარეობით შეჩერებულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა (გამონაკლისების გარდა).

ფორს-მაჟორის არსებობის დასამტკიცებლად ცნობა შესაძლოა მოიპოვოთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან (www.gcci.ge), რომელიც განიხილავს თითოეულ ხელშეკრულებას და თითოეულ ვალდებულებას და გასცემს ცნობას, ხელი შეუშალა თუ არა ვალდებულების შესრულებას დაუძლეველმა ძალამ. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ცნობა ავტომატურად არ გაგათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან. ის წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც დაგეხმარებათ სასამართლოში თქვენი პოზიციის დასაცავად. შემდეგ კი სასამართლო წყვეტს გათავისუფლდებით თუ არა პასუხისმგებლობისგან.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმის ნომერი ას-418-391-2010) აღნიშნა, რომ „სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამოწმებს ფორს-მაჟორის არსებობას, ანუ იმ გარემოებას, რომელიც შესაძლებელია ჩაითვალოს დაუძლეველ ძალად, ხოლო პირთა პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყვეტა მის კომპეტენციაში არ შედის“.

შეჯამება

საბოლოოდ შეიძლება ითვას, რომ ამჟამად არ არსებობს კონკრეტული პასუხი კითხვაზე, ჩაითვლება თუ არა COVID-19-ით შექმნილი ვითარება ფორს-მაჟორად.

აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს თითოეულ სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებით ინდივიდუალურად.

თუ დადგინდა, რომ თქვენ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორის არსებობის გამო, თქვენ გათავისუფლდებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის/არადროული შესრულებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან და ამით კრედიტორისთვის მიყენებული ზიანისგან. ამავდროულად, თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ:

  1. ხელშეკრულების დროულად შეჩერება და ვალდებულების შესრულება ფორს-მაჟორის აღმოფხვრის შემდეგ;
  2. ხელშეკრულების შეწყვეტა;
  3. ხელშკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი.

იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ფლორენსია კაშხჩიანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

top